საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატები ახალი წესით 120/30 პრინციპით გადანაწილდება, საიდანაც 120 მანდატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით. როგორ გარდაისახება პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმები მანდატებში. ახალი საარჩევნო სისტემის არსზე კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდე, "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ვახუშტი მენაბდის თქმით, ის თუ რამდენი მანდატი ეკუთვნის პარტიას პროპორციული 120 მანდატიდან იანგარიშება შემდეგნაირად: პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე, ანუ პროპორციული მანდატების საერთო რაოდენობაზე და იყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
"ამ მათემატიკური ფორმულის შედეგად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის მანდატების ის რაოდენობა, რომელსაც მიიღებს კონკრეტული პარტია. ეს ოპერაცია კეთდება ყველაზე ცალცალკე და გვაძლევს მანდატების რაოდენობას, თუმცა არის დარჩენილი ცარიელი ადგილი, ანუ იმ პარტიების მაჩვენებელი, რომლებმაც 1%-ის მიღებაც ვერ შეძლეს, მათი ამომრჩევლის ხმა არის ჰაერში და ეს მანდატები უნდა გათამაშდეს. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, არის წესი - ჩვენ უკვე გამოვიყენეთ მათემატიკური ფორმულის შედეგად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი, ანუ რომელიც "," -ის მარცხნივაა, ახლა გვჭირდება მეორე ნაწილი, რომელიც მარჯვნივაა და იქ ყველაზე უკეთესი შედეგი რომელსაც აქვს მას მიენიჭება მორჩენილი 1 მანდატი, შემდეგ მომდევნოზე და ასე რიგითობით სანამ არ ამოიწურება. ლოგიკა არის რომ ვისაც ყველაზე მეტი დააკლდა დამრგვალებამდე იმას ენიჭება უპირატესობა,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ და ამ ფორმულით იმ პოლიტიკური სუბიექტების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობები დაიანგარიშა, რომლებიც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად პარლამენტში შედიან.
"ქართული ოცნება მინიმუმ 60 მანდატი, ენმ -35, ევროპული საქართველო 5 სტრატეგია აღმაშენებელი 4. ლელო 4. გირჩი 4, პატრიოტთა ალიანსი 4, მოქალაქეები 2, ლეიბორისტები 1"- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.