პარტია "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძე განაცხადა.
"ჩვენ გუშინვე ვთქვით, რომ ჩატარებული არჩევნები არის გგაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, დღეს იმსჯელა "ლელოს" პოლიტსაბჭომ და არ აპირებს შევიდეს პარლამენტში.
ამდენად ჩვენ არ ვაპირებთ, არალეგიტუმური პარლამენტის ლეგიტიმაციას. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგები მართლაც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი იზიარებს ამ გადაწყვეტილებას და მათთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დასრულდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება.
ჩვენი მიზანია დაინიშნოს არჩევნები, რომელიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშანს,"-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე "ლელო საქართველოსთვის" ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.