ეუთო-ოდირის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში თითქმის ორ საათს გაგრძელდა. სადამკვირვებლო მისიასთან ოპოზიცია ერთადერთი მიზნით მივიდა, რომ მიეწოდებინა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ინფორმაცია ყველა დარღვევაზე.
"ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჯილიან სტირკმა თქვა უმთავრესი რამ - რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი. ხოლო ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ქართული ოპოზიცია, რომელიც არის მეტად კონსოლიდირებული ვიდრე ოდესმე, რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, რომ არ ვცნობთ მის შედეგებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ეუთო-ოდირის დასკვნა წინასწარია, რომელიც მხოლოდ იმ მცირე რაოდენობის უბნების მონაცემებს ეყრდნობა, სადაც მათი დამკვირვებელი იყო წარმოდგენილი.
"კონკრეტულად, ეუთო-ოდირი არ იტყვის არც იმას, რომ არჩევნები ლეგიტიმურია, მით უმეტეს, წინასწარ დასკვნაში, და არც იმას, რომ არალეგიტიმურია. ჯერ ერთი, ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე კიდევ საკმარისი დრო გავა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეუთო-ოდირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის, ცნობა-არ ცნობის საკითხი, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი.
პირველადი დასკვნა, წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც იყო დაყრდნობილი იმ უბნებზე, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები ფიზიკურად იმყოფებოდნენ და თქვენ იცით, რომ ასეთი უბანი ძალიან ცოტაა. პირობა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის, პირობაც არ უნდა ამას, ეს პროცესია, რომ ეუთოს შემდგომ დასკვნაში, ინფორმაციის მიწოდების შედეგად, უფრო მეტი ინფორმაცია აისახება დარღვევებთან დაკავშირებით,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ წელს ეუთოს ბევრად ნაკლები დამკვირვებელი ჰყავდა საქართველოში, ვიდრე ჩვეულებრივ, რამაც ხელი შეუშალა იმას, რომ მათ არსებითი ინფორმაცია ჰქონოდათ არჩევნების დარღვევებზე.
"ეს შეფასებები, რომელიც გაკეთდა, ეყრდნობა კონკრეტული მონიტორინგის შედეგებს. კონკრეტული მონიტორინგის შედეგები შეიძლება არ იყოს ზუსტი, ჩემი აზრით, არ არის ზუსტი, რადგან ეუთოს მისიას საქართველოში ძალიან ცოტა ხალხი ჰყავდა. მე ვმუშაობდი ეუთოში სამი წელი და ვიცი რას ნიშნავს ეუთოს მონიტორინგი და იმისი მეათედიც არ იყო ამ ჯერზე, ისევე, როგორც არ ჩამოსულან ევროპარლამენტარები. NDI და IRI საერთოდ ონლაინ მონიტორინგს აკეთებდა, ადგილზე ხალხი არ ჰყოლიათ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სრული ინფორმაცია, არის არასწორი. ოპოზიციური პარტიების გამოწვევა არის ის, რომ ვაჩვენოთ, რომ მათ რაც ინფორმაცია აქვთ, არის არასრული, რომ, სინამდვილეში, დარღვევები არის უფრო მასშტაბური და მართლა ჰქონდა გავლენა შედეგებზე,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.