პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ლევან ხაბეიშვილმა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმებში არსებულ დარღვევებზე საჩივარი შეიტანა. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, სამგორის ოლქში დაკარგულია ათასობით ხმა. "ძალა ერთობაშიას" კანდიდატის ინფორმაციით, ასევე რამდენიმე ოქმი შედგენილია, სოზარ სუბარის სასარგებლოდ.
"ის, რომ ათეულობით საარჩევნო უბანზე არის დარღვევა ეს აღიარა ოლქის თავმჯდომარემ. ის, რომ 97-ე უბანი არის კატასტროფა 86 ხმიდან, რომ 286 აღმოჩნდა სოზარის, ესეც კატასტროფაა და ამ უბანს მეტიც, შესაძლოა გააუქმოს კიდეც, შეიძლება ეს გადაწყვეტილებაც მიიღოს - ეს თავად მან თქვა, ასევე სხვა საარჩევნო უბნებზეც, ვეხვეწე ჩამოთვალე თქო და ბევრია ესეთიო. ვერაფრით ვერ მოვიპოვე ინფორმაცია, არ ვიცი, ალბათ დავალება აქვს, რომ არ გათქვას ეს საიდუმლოება, მისთვისაც შოკისმომგვრელია, ყოველ შემთხვევაში მისი საუბრიდან ასე ჩანდა და ასე თქვა და დამიდასტურა, რომ წუხს იმ ათეულობით ოქმის პრობლემაზე, რომელიც რეალურობაში ნამდვილად არის ამ რაიონში. საუბარი არის მინიმუმ 5 000-დან 7 000-მდე ხმაზე, რომელიც მოგვპარეს პირდაპირი მნიშვნელობით როგორც მაჟორიტარულ ოქმში, ისე დიდი ნაწილი პროპორციულ არჩევნებშიც," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სხვადასხვა ოქმებზე გაყალბებებს ჰქონდა ადგილი.
"ხელმოწერების გაყალბებებს ჰქონდათ ადგილი სხვადასხვა ოქმებზე, მათ შორის შესწორების ოქმებზეც არის ყალბი ხელმოწერები დასმული და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად მოხდება რეაგირება. სრული უკანონობაა არშეშვება, თუმცა ეს იმ უკანონობასთან, რასაც არჩევნების გაყალბება ჰქვია ახლოსაც ვერ მოვა," - აცხადებს ბექა ბასილაია.