ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ახლა ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში.
მისივე განცხადებით, ის ოქმები, რომელიც სოციალურ ქსელში ტრიალებს, რომ ისინი თითქოს გაყალბებულია - არასწორი კამპანიური ხასიათის არის.
"არჩევნები არ დასრულებულა. ახლა ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში. ჯერ არ არის გამოცხადებული ოფიციალური მონაცემები, არჩევნები და შედეგები არის ზუსტად ის, რაც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა და რასაც აკეთებდა 42 ათასი კომისიის წევრი და რასაც უყურებდა და აკვირდებოდა 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება შეცდომებს, ეს რა თქმა უნდა, ახალი არ არის და ეს პირველად არ ხდება არჩევნებზე, თუმცა ის, რაც დღეს ხდება და რაც კამპანიური ხასიათის არის, მათ შორის, სოციალური ქსელით და მედიით დატრიალებული ოქმები, რომლებიც თითქოს გაყალბებული იყო - არასწორი კამპანიური ხასიათი აქვს. სოციალურ ქსელში ტრიალებს ოქმები და მასთან ერთად არ არის შესწორებული ოქმები, რომელიც ამის სამართლებრივი ნაწილია," - განცხადა თამარ ჟვანიამ.