ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ცესკოში ამ დროისთვის 3 800-ზე მეტი ოქმი გადის რევიზიას. თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ეს არის წინასწარი მონაცემი, რომელიც საბოლოოდ დამუშავდება და ოფიციალურად გაფორმდება.
"მთელმა საზოგადოებამ მინდა კარგად გაიგოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ დაუდგენია შედეგები. ცესკო, ახლა წინასწარ ამუშავებს იმ ოქმებს, რომელიც შემოდის, მაგრამ შედის ამ ოქმებში შესწორებები, მათშორის ოპერატორის მიერ შეყვანილი მონაცემის დამუშავება და ეს არ არის ოფიციალური მონაცემი, ეს არის წინასწარი მონაცემი, რომელიც საბოლოოდ დამუშავდება და ოფიციალურად გაფორმდება,"-განაცხადა "ღამის კურიერში" თამარ ჟვანიამ.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის 3 800-ზე მეტი ოქმი გადის რევიზიას. თამარ ჟვანია ამბობს, რომ საერთო ჯამში 7 ათასზე მეტი ოქმი გაივლის რევიზიას, რამდენად სწორად იყო შეყვანილი მონაცემები და რამდენად არის ასახული.
"ამისთვის, ჩვენ აპარატს დასჭირდება იმდენი დრო, რა დროც ჭირდება შესწორების ოქმების ასახვას. უბნებზე, ყველა კომისიის წევრი, რომელიც შესწორების ოქმს აწერს ხელს, იმიტომ რომ მექანიკური შეცდომა დაუშვეს ოქმის შევსებისას, ეს ოქმები ისახება ჩვენს მიერ და ერთ-ერთი გვიან რაც აისახება, ეს გახლავთ აჭარა, იმიტომ რომ 4 ბიულეტენის გამო, ყველაზე გვიან დაამთავრა ხმის დათვლა.
შესწორებებს, შემოსული ოქმების საფუძველზე დავასრულებთ მაქსიმუმ ხვალისთვის, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ ეს არის ოფიციალური, საბოლოო მონაცემი,"-განაცხადა ჟვანიამ.