ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ცესკოს თავმჯდომარემ ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა, მათ შორის - განმარტებები გაკეთდა დარღვევებზეც.
თამარ ჟვანიას თქმით, მასზე და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რაც, მისი შეფასებით, ადმინისტრაციის ფუნქციონირების შეჩერების მცდელობას ემსახურება.
რაც შეეხება შეცდომით შედგენილ ოქმებს, ჟვანიას განცხადებით, ისინი შესწორდა, თუმცა სოციალურ ქსელებში ფოტოები შესწორების ოქმის გარეშე ვრცელდება.
"ასეთი დიდი რაოდენობის კანდიდატები, პროპორციულ ნაწილში - ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, 50 საარჩევნო სუბიექტი, არასოდეს ყოფილა ბიულეტენებში, რაც თავისთავად, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამას კარგად გაიგებს, მოითხოვს ორმაგ დროს როგორც დათვლის დროს, ისე - ამ ოქმებსაც თავისი მოწოდების ვადები აქვს და შესაბამისად, ცესკოს მიერ ასახვის ვადები იქნებოდა უფრო მეტი.
ოქმები, რომელშიც დაშვებული იყო შეცდომები და შემდეგ შესწორდა, შესწორების ოქმების გარეშე ხდება მათი გავრცელება სოციალურ ქსელებში და ასეთი უამრავი ოქმი ვნახეთ ჩვენ. სპეციალური სიების ნაწილში ყველა ამომრჩეველს ვერ ექნებოდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ის ხალხი, ვინც პროპორციულში მონაწილეობდნენ სრულად, სრული ნაწილი ვერ მიიღებდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ზუსტად ეს მაჟორიტარული ოქმები, სადაც, თითქოს და, ძალიან ბევრი ამომრჩევლის ხმა აკლია," - აცხადებს თამარ ჟვანია.