ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ცესკოს თავმჯდომარემ ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა, მათ შორის, განმარტებები გაკეთდა დარღვევებზეც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი თამარ ჟვანიასთან შეხვედრისას პრობლემური უბნებით დაინტერესდნენ.
"ყველა ის უბანი, სადაც არის მეტობა, სადაც არის დისბალანსი ოქმებში, ვითხოვთ, რომ ეს ოქმები და ბიულეტენები ამ უბნებში იყოს გადათვლილი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ღიადაც ვიკითხე, რა იყო ცესკოს პოზიცია, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ისინი უჭერენ თუ არა მხარს, რომ მთელ რიგ უბნებზე არის გადასათვლელი ბიულეტენები," - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.
"ჩემი ორგანიზაციის მიერ ნანახი პრობლემები წარვადგინეთ, დავსვი კითხვები და რეკომენდაციის სახით ვუთხარი, რომ ხომ არ დაფიქრდებოდნენ, რომ იმ პრობლემურ უბნებთან დაკავშირებით, სადაც ე.წ. მეტობითი დისბალანსი იყო, თავისი ინიციატივით იქნებ განეხილა ცესკოს. პასუხი იყო, რომ დაფიქრდებიან და განიხილავენ" - ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.
ავტორი : ლიკა ალელიშვილი