17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
უარი საპარლამენტო მანდატებზე ხელმოწერით - გადაწყვეტილების შეცვლისთვის ვადა პარტიებს 10 დეკემბრამდე აქვთ

საპარლამენტო მანდატებზე უარი ოპოზიციური ძალების ბარიერგადალახულმა ლიდერებმა ოფიციალურად დღეს უკვე დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს. ისაუბრეს იმ არგუმენტებზეც, რომელთა გამოც პარლამენტს არალეგიტიმურად ცნობენ. ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის, ზეწოლის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებმა კი მოსახლეობის ნება არ ასახა.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შედიან და ამბობენ, რომ ახლა სამართლებრივი ნაბიჯებია გადასადგმელი. პარტიები სიების გამოწვევას გეგმავენ.  მათი თქმით, ამით უზრუნველყოფენ, რომ რომელიმე პარტიის წევრს ცდუნებამ არ სძლიოს და საპარლამენტო მანდატი არ მიიღოს.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან ისეთი პარტიის ლიდერებიც, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს. თუმცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.

დღეს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც "პატრიოტთა ალიანსი". ირმა ინაშვილის პარტიამ დამოუკიდებელი მოქმედების სტრატეგია აირჩია და არ უერთდება ოპოზიციის აქციებს. ირმა ინაშვილი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პერმანენტულ საპროტესტო აქციებს შაბათიდან გეგმავს.

თუკი რომელიმე პარტია გადაწყვეტილებას შეცვლის, ამისთვის ვადა 10 დეკემბრამდეა, რადგან სწორედ დეკემბრის დასაწყისში უნდა შეიკრიბოს მე-10 მოწვევის პარლამენტი და ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გამართოს.

დღის ამბები