"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, პანდემიის მიუხედავად, მათ მიერ დაანონსებულ აქციებს ყველა წესის დაცვით გამართავენ.
"ჩვენ დავიცავთ ყველა რეგულაციას, პირბადე ყველას ექნება და დისტანციაც იქნება დაცული. მაგრამ მეც მინდა დავსვა კითხვა- პანდემია არ იყო მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" აქტივისტები და მთელი საარჩევნო აქტივი საარჩევნო უბნებზე ტაშ-ფანდურს, რომ მართავდა?!"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირაკლი იმნაიშვილმა ირმა ინაშვილს კითხა- თუ "პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილეს დაუდგინდება კორონავირუსი, როგორი იქნება მისი რეაქცია და შეახსენა, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე 134 მოქალაქე გარდაიცვალა კორონავირუსით.
რაზეც ინაშვილმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება არანაკლები ვირუსია.
"ამაზე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, სწორედ ამ გაზვიადებულმა ფონმა პოლიტიკურ სპექტრს წაართვა არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება.
ვწუხვარ და ვიზიარებ იმ ოჯახების მწუხარებას, რომელთა ოჯახის წევრებიც ეპიდემიის გამო გარდაიცვალნენ. მაგრამ არჩევნების გაყალბება კორონაზე ნაკლები ვირუსი და ეპიდემია არ არის. ახლა ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება არ არის სწორი.
ჩვენი აქციები არ იქნება ერთჯერადი- ეს იქნება პერმამენტული სახის აქციები და მკაფიოდ ვაცხადებ, დავიცავთ ყველა წესს და გავუფრთხილდებით ადამიანების სიცოცხლეს,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.