ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურნენ "პარტია "გირჩის" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თუ ცესკო დაუბალანსებელ ოქმებს ჩაასწორებს, მოლაპარაკების რესურსი გაჩნდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი გიორგი ბარამიძე ამ ინიციატივის აღსრულებას შეუძლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ განმეორებითი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
"შეუძლებელია ამის გასწორება. ფორმალურად თუ მიუდგები, ყველაფერს თუ გაასწორებ, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, გასწორება ნიშნავს ხელახლა ჩატარებას, ამას ითხოვს ყველა პარტია, მათ შორის, "გირჩიც" და ერთსულოვნებაა ამასთან დაკავშირებით. "ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ არჩევნებში პატიოსნად იღებდა მონაწილეობას, არ აპირებს შევიდეს პარლამენტში. დარჩენილია მარტო, თავის თავთან და იქნება იზოლაციაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და აუცილებლად მოუწევს ხელახალი არჩევნების ჩატარება,"-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არარეალისტურია ცესკომ ნამდვილად ყველა ოქმი ჩაასწოროს, რაც, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" მარცხის გაფორმებას ნიშნავს.
"მგონი, აქ იგულისხმებოდა ის, რომ ცესკო, რომელმაც დაუშვა და დააორგანიზა ტოტალური გაყალბება, თუ დასვამს რეალურ შედეგებს, რაც ნიშნავს "ოცნების" მარცხს. "ოცნების" მარცხს თუ გააფორმებს, მაშინ ექნება აზრი, ამას გულისხმობს, თუ არ ვცდები, გირჩი, რაც მე არარეალისტურად მიმაჩნია ამ ცესკოს პირობებში. ამიტომ არის სწორი ამოცანა ვადამდელი არჩევნები ახალი ცესკოთი, თორემ ისე გააფორმოს ამ ცესკომ "ოცნების" მარცხი და მერე ვისაუბროთ,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.