17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
შეიცვლება თუ არა არჩევნების შედეგები ხარვეზიანი ოქმების გასაჩივრების შემდეგ - ოქმების გასაჩივრების ვადა ამოიწურა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 31 ოქტომბერს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების გარდა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი დარღვევა ის დისბალანსია, რომელიც საარჩევნო ოქმებში წერია. ოპონენტების მტკიცებით, ნახევარზე მეტი ოქმი, რომელიც არჩევნების დღეს შედგა, ხარვეზიანია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" არჩევნების დღეს დარღვევების გამო კონკრეტული პირების დასჯასაც ითხოვს და ამ მოთხოვნით საჩივარი პროკურატურაში უკვე შეიტანეს.

ოპოზიციის მსგავსად, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს მესამე სექტორიც - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დათვლით, საარჩევნო უბნების 8%-ში საარჩევნო ოქმი ხარვეზიანია, სწორედ ამიტომ, მესამე სექტორი ამ უბნებში ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და დარღვევების განხილვა გრძელდება, ხოლო უკვე აღმოჩენილი მსგავსი ოქმები გასწორებულია ცესკოს მიერ.

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შესული განცხადება-საჩივრების შესწავლა და მოკვლევა მიმდინარეობს

საარჩევნო უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა გუშინ ამოიწურა. ახლა საოლქო კომისიებმა ამ საჩივრებზე უნდა იმსჯელოს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ განხილვის შემდეგ ცესკო ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სწორედ ამიტომ, ისინი საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ხმების დაცვას სასამართლოში აპირებენ.

დღის ამბები