17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ხმაური ისნის საოლქო კომისიასთან - ხატია დეკანოიძე მედიას საჩივრების განხილვაზე დასწრებას სთხოვს

ხმაურია ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების შედეგების საჩივრების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ოპოზიციის წევრები, ხატია დეკანოიძე და ლანა გალდავა, მივიდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, საოლქო კომისიაში სრული განუკითხაობა ხდება, მათ შენობაში არ უშვებენ.

ხატია დეკანოიძე მიმართავს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ შენობასთან მდგარ აქციის მონაწილეებთან ჩამოვიდეს და გაესაუბროს.

"დღეს, წესით, უნდა იყოს ჩვენი საჩივრების განხილვა. ჩვენ ახლა აქ ვართ რამდენიმე პარტია. ყველას ჩვენ მოგვპარეს, დაახლოებით 5000-მდე ხმა, რომელიც არის გაბათილებული. გარდა ამისა, 45 ოქმზე არ ჯდება ბალანსი ისანში. 81-ვე უბანზე აკლია ბიულეტენები.

ჩვენ მოვედით დღეს, რომ დავესწროთ ჩვენი საჩივრების განხილვას. ძალიან კარგი იქნება, თუ მედიაც დაესწრება, იმიტომ, რომ ხმებია დაკარგული, აორთქლებული, ჩაყლაპული. ჩემი დამკვირვებელი გამოაძევეს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა საოლქო კომისიასთან ოპოზიცია ხმაურიან აქციებს მართავს.

დღის ამბები