ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილი თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არაუფლებამოსილი პირების მიერ ადგილი აქვს მცდელობას, დაესწრონ სოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
"გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლებამოსილების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის 1 წარმომადგენელს, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 1 ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 2 საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
შესაბამისად, მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.