აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს ორკესტრირებული შეტევა უწოდა.
მისივე განცხადებით, ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, ცესკო-ს წარმომადგენლები კი არჩევნების შეჯამების საბოლოო ფორმალიზებას თმენის ვალდებულების უმაღლესი სტანდარტით ართმევენ თავს.
"არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან, რაც ღიმილისმომგვრელია. ამავე დროს, სამართალდამცავებმა, ასევე ცესკოს თანამშრომლებმა, დღესაც უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ცდება კანონის ჩარჩოებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მშვიდად დაასრულონ პროცესი.
განსაკუთრებით საგანგაშოა რაც მოხდა საღამოს, ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია, მათ შორის იმ საჩივრების განხილვის დროს, რომელიც შეტანილია სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ მაღალი პასუხიმგებლობა, ვინაიდან ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ჩრდილი მიადგეს არჩევნების შედეგების შეჯამებას, ამავე დროს, იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ სიმშვიდე და ვერანაირი რევოლუციური სცენარები ვერ განვითარდება,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.