17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია და არავითარი საფუძველი არ გააჩნია - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არც ერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. მისივე განმარტებით, პროცედურა საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით წარიმართა.

"როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა. პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლები, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "სამართლიანი არჩევნების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლები.

11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არც ერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე, როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე თვითონ შიგნით შენობებში. რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას, მოითხოვდნენ თითქოს და პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათი უფლებამოსილი პირები შიგნით საოლქო კომისიებში ისხდნენ და მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში.

აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარად დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში, პირიქით - მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები