17 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
მათემატიკის წიგნი და საანგარიშო ცესკოს თავმჯდომარეს - ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია-პერფორმანსი იმართება

ცესკოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს - სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიასა" და "გაბედეს" აქტივისტები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ადგილზე მოეწყო პერფორმანსი - ცესკოს კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას სიმბოლურ საჩუქრებად მათემატიკის ცოდნის გასაუმჯობესებლად საჭირო ნივთები და სახელმძღვანელოები მიუტანეს, ასევე ინპლანტი ხელოვნური შუბლის ძარღვის სახით და ჩრდილოეთ კორეის ვიზა.

სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების აღრიცხვის მაგივრად ხმებს ხელისუფლების სასარგებლოდ იპარავს.

"დავიცვათ ჩვენი თითოეულის მიერ მიცემული ხმა, რომელსაც ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აღრიცხვის მაგივრად უბრალოდ გვპარავს, ძალით გვართმევს და ამ გზით ცდილობს ივანიშვილი, რომ საბოლოოდ დააკანონოს საქართველოში ის, რომ ჩვენ ჩვენით ვეღარაფერს გადავწყვეტთ აწი. ამ ქვეყანას რაც თამარ ჟვანიამ გაუკეთა, თამარ ჟვანიას ხელით რასაც უკეთებს ივანიშვილი ცხადია, ეს არის უპატიებელი," – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ბერძენიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება იყო ბოლო წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ბიძინა ივანიშვილსაც არ აპატიებენ.

"პირველად და უკანასკნელად გეთანხმებით ირაკლი კობახიძეს, რომ იმსახურებს თამარ ჟვანია ჯილდოს. ეს იყო ღია ღონისძიება, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თვითონ, თავისი სურვილით შეარჩიონ საჩუქარი ქალბატონი თამარისთვის. ეს არის ბოლო წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც არ ვაპატიებ ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

დღის ამბები