ოპოზიცია და ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
"ან გადათვალონ ყველა უბანი, ან ახალი არჩევნები ჩაატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება" - ეს არის ოპოზიციის ულტიმატუმი. მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ოპონენტების დღის წესრიგში დაუმორჩილებლობის სურათის შექმნა, ეკონომიკური სირთულეები და ავადმყოფობის გავრცელების ამოცანა დგას.
ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აპროტესტებს და საოლქო კომისიებთან ხმების გადათვლის პარალელურად აქციებს მართავს. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ცესკოს მონაცემები რეალობას არ შეესაბამება და ხმების დათვლის პროცესსაც უნდობლობას უცხადებენ. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს, რომ არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა და ყველა ხმა პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად დაცულია. ამ დროისთვის გადათვლილია 15 საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგები, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები საკუთარი ამომრჩევლის ხმების დასაცავად კვირას საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.