ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები ბუკიას ბაღში შეიკრიბნენ და სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობის მთავარი მიზანი მოსახლეობის ინფორმირება იყო. ოპოზიციის წევრები მოქალაქეებს 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა შეძახილებისა და საყვირების ფონზე მოაწყვეს, საბოლოოდ საბურთალოს მესამე საოლქო კომისიის შენობასთან მივიდნენ და იქ საკუთარი დროშები განათავსეს.
ირმა ნადირაშვილი სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც საბურთალოს მესამე საოლქო საარჩევნო უბანში შესვლა ვერ მოახერხა. ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდათ.
პარალელურად, ამავე იდეით, ოპოზიციის მეორე ნაწილი მეტროსადგურ დელისთან შეიკრიბა და საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამართა. მათაც მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს და უთხრეს, რომ ოპოზიციას არჩევნებზე ხმები მოპარეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება და მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისგან ელის.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი