17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
მთაწმინდის N1 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს 

მთაწმინდის N1 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დასრულდა. საოლქო კომისიის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან, რომლებიც კომისიის მუშაობას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომისიამ 40-მდე საჩივრის განხილვისას გაითვალისწინეს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ხარვეზები და უბნების ბათილობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.

შეკრებილები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ და აცხადებენ, რომ შემდეგ უკვე დატოვებენ ტერიტორიას. 

ცოტა ხნის წინ, მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა სამართალდამცველებსა და "ლელოს" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, საბა ბუაძეს შორის, რადგან მას შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. 

"ყველა ოპოზიციური პარტიის ხმები აქვთ მოპარული და ახლა შეგნებულად არ გვიშვებენ შიგნით, დროს წელავენ, რომ, ამასობაში, დაასრულონ სხდომა, დატოვონ ყველაფერი განუხილველად. ესენი არიან გამყალბებლები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვარ წარმომადგენელი და მეც კი არ მიშვებენ,"- განაცხადა საბა ბუაძემ. 

ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ საჩივრების განხილვის პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლები ზეწოლის ქვეშ არიან. 

"ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოში ლუკაშენკო, როგორც ასეთი, ვერ იქნება. ყველას გვინდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, წყნარად მოხდეს, არც ეს არავის არ გვინდა, არც ყვირილი და არც ქუჩაში დგომა. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ივანიშვილი წავიდეს ოპოზიციაში და პროდასავლური პარტიების კოალიცია მოვიდეს ხელისუფლებაში.

მხოლოდ სამია ოპოზიციური პარტიებიდან, ათნი არიან სუს-ის და "ქოცების" წარმომადგენელი, როგორი ზეწოლის ქვეშაა ეს ხალხი,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა და ამისთვის ე.წ. "კარუსელი" გამოიყენა.

"ბიულეტენები გატანილია და ერთ უბანზე, 5 კარუსელია დატრიალებული. ეს არის მთლიანად, თავიდან ბოლომდე გაყალბებული არჩევნები, ჩვენ დავწერეთ კონკრეტული საჩივრები, პროტესტთან ერთად ლეგალური გზით წასვლაც გვინდოდა, მაგრამ გუშინ ღამით შეგვატყობინეს, რომ ჩვენი საჩივრები დარჩება განუხილველად,"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

დღის ამბები