17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"ოცნებას" არ მიუღია მართვის ბერკეტი და მოსახლეობის ნდობა, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობისგან მართვის მანდატი არ მიიღო, ამიტომაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.

"ღამის კურიერის" ეთერში სერგი კაპანაძემ პარალელი გაავლო 2016 წელთან, როდესაც, მისი სიტყვებით, "ქართულმა ოცნებამ" მართლაც მოიპოვა უმრავლესობა, თუმცა წელს საკითხი განსხვავებულად დგას. 

"საკითხი დგას ასე - ვის მისცა მართვის ბერკეტი ამომრჩეველმა. მან ეს მართვის ბერკეტი არ მისცა "ქართულ ოცნებას." "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ მე ახლა მოვიპარავ ამ არჩევნებს, ჩემთვის ცესკოს დავაწერინე რიცხვები, თქვენ ახლა შემოდით პარლამენტში და გამოიყენეთ რაღაც მეხუთეხარისხოვანი ბერკეტები. პასუხი ამაზე არის მარტივი - არა!

2016-ში იყო მსგავსი შემთხვევა. მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ასევე ბევრი დარღვევით და ა.შ. არ მიიღო ის შედეგი, რომელიც დაწერა 47%, მაგრამ იმდროინდელი სისტემიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო, რა მდგომარეობაც იყო ქვეყანაში, მან მაინც მიიღო მართვის მანდატი. საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო ის პრობლემა, რაც მიიღო, იმიტომ, რომ ასეთი სისტემა იყო, მაგრამ მან უმრავლესობა მიიღო, ამიტომ ჩვენ მაშინ შევედით პარლამენტში. მაშინ, იმ პარლამენტში, რა ბერკეტებიც იყო, ყველაფერს ვიყენებდით. მაგრამ ახლა ასე დგას საკითხი - მან არ მიიღო მართვის ბერკეტი და მოსახლეობის ნდობა, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, რომ რაღაც ნამცეცები გამოვიყენოთ,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები