თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ აქციები იმ რევოლუციური გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.
"მე გამიჭირდება ამაზე პირდაპირ გაგცეთ პასუხი, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ, გააკეთებენ მოკვლევას და თუ რამე საფრთხე, კონკრეტიკა არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი ქმედებები. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნაციონალური შტაბის მხრიდან, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ არჩევნების წინ, რომ იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა დაძაბულიყო სიტუაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს. მითითებული იყო პიროვნებები, ოლქები, სადაც პროვოკაციების საფრთხე იყო, რისი მომსწრენიც გავხდით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა წევრს და მხარდამჭერს, რომ ისინი არ აყვნენ პროვოკაციას.
ვფიქრობ, ეს არის იმ რევოლუციური გეგმის ნაწილი, რომელიც დაიწერა უკრაინაში, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიერ. ამას არ სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, მოწოდებები კეთდება პირდაპირი ეთერიდან მიხეილ სააკაშვილი მხრიდან და ეს ყველაფერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს განცხადება გავაკეთო. პირველი შემთხვევა არ არის, ყველა არჩევნებისას ხდება და ერთი და იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ, ამის უკან შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი კონკრეტიკა აქვთ,"-განაცხადა " რამის კურიერში" კახა კალაძემ.