სავარაუდო დესტრუქციულ სცენარზე სუსი გამოძიებას აგრძელებს. უკვე დაიკითხა საჯარო განცხადების ავტორი ირაკლი კობახიძე, რომელმაც უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით. დასახელდნენ კონკრეტული პირები. ამ წუთებში სუსის შენობაში დაკითხვაზეა აკაკი ბურჯიშვილი. ის არჩევნებს სამგორის 41-ე უბანზე აკვირდებოდა.
აკაკი ბურჯიშვილი დესტრუქციულ ქმედებებთან რაიმე კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ის დამკვირვებლად მეზობელმა წაიყვანა. რა მიზეზითაა დაბარებული სუსში აკაკი ბურჯიშვილი, უცნობია მისი უფლებადამცველისთვისაც.
ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს დევი ჭანკოტაძე, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ირაკლი კობახიძემ არეულობის ორგანიზატორთა შორის დაასახელა.
"არავითარი საფუძველი ამისი არაა, არის პოლიტიკური მოტივი, უნდა ვუთხრა სუსს ჯობია კობახიძე დაიბარონ იმ საქმეზე, როდესაც მან ჩამოიყვანა კომუნისტი გავრილოვი და ლამის აქედან მოხდა მთელი არეულობა და დესტაბილიზაცია. არავის არაფერი არ ჰქონდა, მანქანები გაჩხრიკეს და ერთ-ერთ მათგანში იპოვეს ე.წ. შოკი, მაგრამ რეალურად ელექტროშოკი კი არა ელექტროფანარი,"- განაცხადა ჭანკოტაძემ.
თემაზე კომენტარები გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც". მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც წყაროს, ასევე ფიგურანტი პირების შესახებაც. მდინარაძის თქმით, პროგნოზი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა, რეალურადაც განხორციელდა.
"ინფორმაცია პრაქტიკულად დადასტურებულია და მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღები აქვთ თავის თავზე. ყველაფერი, რაც მოვუყევით საზოგადოებას, ახდა პუნქტობრივად, დანარჩენი გამოძიების საქმეა,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.