"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან ოპოზიციის მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის რამდენიმე განცხადება ჩამოთვალა, რაც მისი შეფასებით, ტყუილია.
"სიყალბე არის რამდენიმე და შემიძლია ჩამოგითვალოთ: არჩევნების საღამოს დაიწყო პირველი პროტესტი, როდესაც ითქვა, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დაგვიანდა, გამოცხადდა 7 საათნახევარში პირველადი შედეგები, რაც არის ტყუილი. ვინაიდან 2012 წელს დასჭირდა 8 საათი, 2017 წელს 7 საათი. წელს დასჭირდა 7 საათნახევარში და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მაჩვენებელი.
მეორე ტყუილი ეს არის ბათილი ოქმების რაოდენობა, თითქოს ეს არის ჭარბი რაოდენობის, ესეც არის ტყუილი. საქართველოს ნებისმიერი არჩევნები ნახონ და ნახავენ, რომ 3-4 პროცენტი ბათილი ბიულეტენები, ვიღაცამ არასწორად შემოხაზა, ვიღაცამ კონვერტში არ ჩადო, ყოველ წელს იყო.
მესამე ტყუილი ეს არის- კანდიდატებს არ უშვებენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე და ამით მათი კონსტიტუციური უფლებები ილახება. მათ აკრძალული აქვთ იმ უბნებზე ყოფნა პიროვნულად. თუ ისინი არ ენდობიან საკუთარი პარტიის წევრებს, რომლებიც არიან საოლქო კომისიაში, დაასახელონ სახელი, გვარი და გვითხრან, ვინ არიან მათი პარტიის წევრები, რომლებიც აყალბებენ ამ გადათვლას. ასევე გამოდის, რომ არ ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მეოთხე ტყუილი, რაც დღეს მოვისმინეთ, ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომელი გადადგა, ბატონი ვანო ბურდული, რომ მოვიკითხეთ, გავარკვიეთ, რომ ვანო ბურდულს, აკაკი ხუსკივაძესთან ერთად დაარსებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია "საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირი". ბატონი ხუსკივაძე, ამავე დროს, არის "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი, აქაც სიყალბე არის, ამიტომ როცა სიყალბეზე არის აწყობილი მთელი ეს კამპანია, მე მიკვირს, რა მხარდაჭერის იმედი აქვთ," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა.