17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
არჩევნების დღეს ივანიშვილის კარუსელების ოპერაცია ჩაატარეს - გიგა ბოკერია

2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - ისინი ხელისუფლებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაყალბებაში ადანაშაულებენ. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. კარუსელების დახმარებით ხმები გააკონტროლა

"სურათი ძალიან მკაფიო და ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის და ამის შემოქმედი არის ივანიშვილის მთავრობა, სუსი და საარჩევნო კომისიები, რომლებმაც საარჩევნო დღეს და ღამეს ივანიშვილის კარუსელების ოპერაცია ჩაატარეს, ხმის გაკონტროლების, ყიდვის, დაშინების და ჩაყრის,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"ცესკოს" ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკური გაერთიანების "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბევრია ისეთი ოქმი, რომელიც გადაკეთებულია და საეჭვოდ გამოიყურება. 

"ძალიან ბევრი გადაკეთებული ოქმია. ოქმი, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება და ასეთია აშკარად, რომელიც არ ბალანსდება, გადაკეთებულია, მისი შეჯამება დაუშვებელია, მანამ, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია ან შესაბამისი საოლქო კომისიები არ გაარკვევენ ამის გამომწვევ მიზეზს. ჩვენ რა ვნახეთ - მიუხედავად ამ საეჭვო ოქმებისა, მოხდა მათი სასწრაფო წესით შეჯამება და გამოცხადება, რაც ამ შედეგს ეჭვის ქვეშ აყენებს,"-განაცხადა მან. 

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ რამდენიმე უბანზე ხმები დაკარგულია. 

"მაგალითად, 37-ე უბანზე უნდა ყოფილიყო 537 ხმა და არის 511, ხოლო მეორე მაგალითია 45-ე უბანი, სადაც უნდა ყოფილიყო 586 ხმა და არის 565. უბრალოდ გამქრალია ხმები, ღმერთმა უწყის სად. ასეთი 10, 15 და 20 შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით, ქმნის რევოლუციურ განსხვავებას ხმათა ოდენობაში და, შესაბამისად, საერთო პოლიტიკურ შედეგსა და სურათში, რომელიც დადგა ოპოზიციის მხარეს,"- განაცხადა მან. 

დღის ამბები