17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის ბრძოლას ოპოზიციური პარტიები სასამართლოში აგრძელებენ

ბრძოლა არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის სასამართლოში გრძელდება. ოპოზიციურმა პარტიებმა ასობით საარჩევნო უბანზე არსებულ დისბალანსზე რეაგირება სასამართლოს სთხოვეს. შესაბამისი განცხადებების ავტორები არიან პარტიები: "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ევროპული საქართველო" და ანა დოლიძის მოძრაობა. ასევე, სასამართლოს მიმართავენ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ შედეგები არარეალურია.

პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ლევან ხაბეიშვილს სასამართლოს ობიექტურობის არ სჯერა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების შემდეგში დასასჯელად.

"ეს ყველა სარჩელი მოვიტანეთ სასამართლოში და შევიტანეთ არა იმიტომ, რომ გვჯერა, ბიძინა ივანიშვილის დანამატი რომაა სასამართლო და მის შტაბბინად გადაქცეული, არამედ იმიტომ, რომ ხვალ, როცა შედეგი დადგება და იქნება ვადამდელი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ყველა ეს ადამიანი, დაწყებული თამარ ჟვანიათი, საოლქო კომისიების თავმჯდომარეებით და მაღალი თანამდებობის ხელმძღვანელებით, უნდა დაისაჯონ,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, მისმა პარტიამ სარჩელი 5 საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით შეიტანა. 

"მოვიტანეთ სარჩელები, რომელიც ეხება 5 საარჩევნო ოლქს თბილისში. ზეპირსიტყვიერად ჯღაბნეს ოქმები, შეცვალეს რიცხვები და როცა მოვითხოვეთ უბნების გახსნა, არ დაგვიკმაყოფილეს. ჩვენ სასამართლოს მექანიზმსაც ვიყენებთ, რომ ყველა სამართლებრივი გზა გავიაროთ სიმართლის დასადგენად,"- განაცხადა ოთარ კახიძემ. 

"ლელოს" წევრ ლევან სამუშიას განცხადებით, ოქმების მიხედვითაც კი აშკარაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა. 

"88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა. მივმართეთ საოლქო კომისიას, რომელმაც არც კი განიხილა ჩვენი საჩივარი და სასამართლოს ვთხოვთ აღნიშნული განკარგულების გაუქმებას, ბათილად ცნობას და დაავალოს დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო კომისიას ხელახლა განხილვა. წარმოუდგენელი რამ ხდება, წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბებაა და ეს გაყალბება უკვე ხილულია, პირდაპირ ოქმებში ჩანს,"- განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები