ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პარტიების ლიდერები, რომლებიც ქუჩის აქციებს აანონსებენ, არ იღებენ ჯანდაცვის მინისტრის შეთავაზებას, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
ეკატერინე ტიკარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისა და ვითარების განხილვისკენ მოუწოდა, თუმცა ოპონენტები მინისტრის შეთავაზებას არ იღებენ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, აქციები რისკის ქვეშ აყენებს იმ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
"ტიკარაძეს და გახარიას, ჩვენ ჯერ კიდევ აპრილიდან, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი, ვუგზავნიდით კონკრეტულ სტრატეგიას და გეგმას, როგორ უნდა ემოქმედათ კორონავირუსზე. ეს ადამიანები დაგვცინოდნენ, ახლა იგივე სიტყვებს ამბობენ. სამწუხაროდ, სიტყვებსა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ კახიძე ეკატერინე ტიკარაძეს კომპეტენციას უწუნებს და ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს.
"სერიოზულად არ აღიქმება ეს მინისტრი, იმიტომ, რომ ის თავისი კომპეტენციის, თავისი გამოცდილების გამო არ არის ამ თანამდებობაზე, უბრალოდ, ივანიშვილის ოჯახთან ახლობლობა აღმოჩნდა საკმარისი, რომ მისთვის ჩაებარებინათ ჯანდაცვის სამინისტრო, ურთულესი გლობალური პანდემიის დროს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ლევან ხაბეიშვილმა.
"შეშინებულია ხელისუფლება და აკეთებს განცხადებებს, თითქოს ახლა ვრცელდება კორონა. არადა რამდენიმე თვის წინ გამოგვიცხადეს, რომ საერთოდ დაამარცხეს კორონა და ახლა ხედავთ, რომ საავადმყოფოებში საწოლები არ აქვთ. 6-7 თვის განმავლობაში 9 მილიარდი რომ მიიღო დახმარება, სად წაიღეს? რატომ არ არის საწოლები, რატომ არ არის შესაბამისი აღჭურვილობა საავადმყოფოში. ამაზე გასცეს ტიკარაძემ პასუხი. არავინ არ აპირებს მასთან საუბარს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.