დღეს საქალაქო სასამართლოში შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით საჩივრები შეიტანეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მათ შორის იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "სამართლიანი არჩევნები" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".
საიას საარჩევნო და თვითმმართველობის პროგრამების იურისტი რატი თინიკაშვილი აცხადებს, რომ ძირითადი ხარვეზები შემაჯამებულ ოქმებში არსებულ დისბალანსთანაა დაკავშირებული.
"ძირითადი ხარვეზები დაკავშირებულია შემაჯამებულ ოქმებში არსებულ დისბალანსთან. არ ემთხვევა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის გრაფაში არსებული მონაცემები ბიულეტენების რაოდენობას, რომელიც შედეგების დათვლის შემდეგ გამოვლინდა.
არის შემთხვევები, როცა იმაზე მეტია დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხელმოწერის რაოდენობა, ვიდრე რეალურად გაცემული ბიულეტენები და პირიქით - იმაზე ნაკლები ბიულეტენებია დაფიქსირებული შემაჯამებელ ოქმებში, ვიდრე რეალურად დაფიქსირდა,"-განაცხადა რატი თინიკაშვილმა.