საქართვლოში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
მათ გზავნილებში ისმის მოწოდებები, რომ ხმები ხელახლა გადაითვალოს და შესაბამისი რეაგირება მოხდეს საარჩევნო ინციდენტებზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ბოლოდროინდელი განცხადებები ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ დარღვევებმა არჩევნებზე დიდი გავლენა იქონია და ამის შემდეგ ნდობა და ლეგიტიმაცია დაიკარგა.
"ndi- ს დირექტორი საუბრობს იმაზე, რომ იქ, სადაც საჭიროა, აუცილებლად უნდა მოხდეს ხმების გადათვლა, ეს ცხადყოფს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე ცუდი არჩევნები ჩაატარა. ამ შემთხვევაში უზენაესი ამოცანაა ამომრჩევლის ნების დაცვა,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მმართველი გუნდი კი თვლის, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას წაგების აღიარება არ უნდა.
"საზოგადოებისთვის გასაგებია, რომ ოპოზიციამ წააგო. ისინი ითხოვენ ისეთ არჩევნებს, სადაც მოიგებენ და ეს ბუნებაში ვერ იარსებებს. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს არჩევნები აღიარა, როგორც სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. რაც შეეხება ხარვეზებს და დარღვევებს, ეს ყველა არჩევნებს ახასიათებს, ამას გავლენა შედეგებზე არ მოუხდენია. არ შეიძლება არჩევნები ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ ჩაატარო. მილიონამდე მოქალაქემ ხმა მისცა "ქართულ ოცნებას". ხალხის ხმა არის უზენაესი და ამის გადახედვა და მოლაპარაკება არის დაუშვებელი ,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.