17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ხალხმრავალი აქციებისკენ წაქეზება ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან თამაშია - აკაკი ზოიძე

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე "დღის კურიერის" ეთერში წესებისა და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. ის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტურ საშუალებას მხოლოდ დაწესებული რეგულაციების შესრულებაში ხედავს.  

აკაკი ზოიძის განცხადებით, დღეში ინფიცირების 4 000 შემთხვევა არის ის ზღვარი, რომლის ზემოთ ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა მკურნალობას ვეღარ შეძლებს. 

"4 000 არის ის ზღვარი, რომლის ზემოთ ძალიან გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას. თუ ჩვენ დავიცავთ იმ წესებს, რაც არის აუცილებელი და ერთადერთი საშუალება, რომ ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ ვერაგ ინფექციას, მაშინ შესაძლებელია, ორჯერ ნაკლებიც იყოს, მაგრამ ორჯერ ნაკლები სცენარი, უკვე როგორც ხედავთ, აღარ არის, ანუ 2 000-ს გადააჭარბა უკვე დღიურმა შემთხვევებმა და უფრო პესიმისტური სცენარისკენ იხრება.

ზღვარი - 4 000 პაციენტი დღეში, გახლავთ ის ზღვარი, რომლის ზემოთ თუ ეს შენარჩუნდა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, რეალურად, ჯანდაცვის სისტემა ვერანაირად ვერ გაუძლებს, რაც არ უნდა კარგი მომზადებული იყოს და ვერანაირი ის ზომები ვერ უშველის, თუ არ მოხდა ამ ტენდენციის შეცვლა.

მე საერთოდ ოპტიმისტი ვარ, თუმცა ჩემი ოპტიმისტური გათვლები, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში პესიმიზმისკენ იხრება, იმიტომ, რომ რასაც ვხედავ და ველოდებით კიდევ უახლოეს დღეებში, აუცილებლად გამოიწვევს ინფექციის გავრცელების დაჩქარებას," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში კვირას დაანონსებულ აქციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნებისმიერი სახის თავყრილობა, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, როდესაც გრიპის აფეთქების და ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გადატვირთვის საშიშროება დგას, ხელს შეუწყობს მაჩვენებლის გაზრდას. 

"ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და ამას არავინ არ აყენებს ეჭვის ქვეშ, მაგრამ მეთოდები სხვა ბრძოლისაც არსებობს. გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და შეუძლიათ მოიფიქრონ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგად დაიცვან და ყველამ პირბადე გაიკეთოს, ილუზია არავის არ ჰქონდეს, რომ ასეთი აქციების დროს შესაძლებელი იქნება ბოლომდე თავი დაიცვა და თუ ჩვენ ეკლესიას ვეუბნებოდით, რომ დარჩით სახლში და ჩვენ ვილოცებთ თქვენს მაგივრად, ალბათ ამ შემთხვევაშიც რაღაც სხვა ფორმა უნდა მოინახოს პოლიტიკური ბრძოლის. ამ შემთხვევაში წაქეზება ხალმხრავალი აქციებისკენ, არის ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან თამაში. ეს უკვე თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები