სუსში "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დევი ჭანკოტაძის ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას საარჩევნოდ მობილიზებული ჰყავდათ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სუსმა გამოძიება დაიწყო.
საპარლამენტო არჩევნებზე დესტრუქციული სცენარის დაგეგმვაზე უწყებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით არჩევნებში მონაწილე ბურჯიშვილთან გამოძიებას კითხვები პოლიტიკურ ლიდერებთან მის კავშირებზეც ჰქონდა.
სავარაუდო დესტრუქციულ სცენართან დაკავშირებით სუსში დაბარებული პირების ნაწილი მედიასთან გამოჩენას ერიდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები სუსში მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა გამომძიებელს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და არჩევნების ჩაშლის პროცესში სავარაუდო მონაწილეთა სიაც გადასცა.
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უსაფრთხოების სამსახურში გუშინ საღამოს გამოიკითხა, ირაკლი კობახიძემ გამოძიებას ინფორმაციის წყაროც დაუსახელა და კონკრეტული პოლიტიკოსებიც, მათ შორის, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ამ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით აღიძრა.