17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
არჩევნები 2020 - დამკვირვებლების განცხადებებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებულად აღიქვამენ

NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი ალან გილამი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხმები ხელახლა გადაითვალოს და საარჩევნო ინციდენტებზეც შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სწორედ ეს უნდა იყოს მეორე ტურების თავისუფალ საარჩევნო გარემოში ჩატარების საფუძველი. პროცესების დეესკალაციაზე პასუხისმგებლობას NDI ყველა მხარეს აკისრებს.  

საარჩევნო დარღვევებზე ხელისუფლებას გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც. პარტნიორები ყველა პოლიტიკურ პარტიას ურჩევენ, პირველ ტურში გამოვლენილი ნეგატიური პრაქტიკა მეორე ტურში არ განმეორდეს. ასამბლეა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს და ამბობს, რომ დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები როგორც კამპანიის, ისე არჩევნების დღეს. 

არჩევნებში ბარიერგადალახულმა პარტიებმა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები იმის კიდევ  ერთ მტკიცებულებად აღიქვეს, რომ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. ისინი ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ და მეორე ტურზე უარს ამბობენ. 

მმართველ გუნდში მორიგ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორებისგან არჩევნების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ აღიარებად აფასებენ. მიაჩნიათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა. 

სადავო ოქმების განხილვა კომისიებში დასრულებულია და პროცესმა უკვე სასამართლოში გადაინაცვლა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სარჩელები დღეს უკვე შეიტანეს. 

დღის ამბები