17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ოქმებით ომი - რა შედეგით დასრულდა საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში

საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში დასრულებულია, თუმცა დავა გრძელდება. შეიცვალა თუ არა მონაცემები მნიშვნელოვნად, ჯერჯერობით, უცნობია.

აღმოჩენილი უზუსტობების ნაწილი გასწორებულია, ეს კი ხელისუფლებას მეტ არგუმენტს აძლევს.

ოქმის ასლი, როგორც გაყალბების თვალსაჩინო მაგალითი, საიას ამ წუთებშიც უდევს სოციალურ ქსელში, თუმცა მონაცემები ორი დღეა გასწორებულია. ხარვეზი უკვე გამოსწორდა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდზე ფოტო კვლავ ატვირთულია.

ამ ფაქტის გამო საია დღეს "ქართულმა ოცნებამ" გააკრიტიკა, განცხადება პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე, შესული საჩივრების გამო, შედეგები ხელახლა გადაითვალეს. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხმების გადათვლის შემდეგ უბანზე "ქართული ოცნების" მონაცემი გაიზარდა.

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვა დარღვევებზეც მიუთითებენ. ოპოზიციის მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამის დასადასტურებლად კონკრეტულ მონაცემებს ასახელებენ.

ოპოზიციის საპასუხოდ "ქართული ოცნების" ლიდერმა საკუთარი მონაცემები გაასაჯაროვა. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 100 სადავო უბნიდან 20 უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალეს და არანაირ გაყალბებას ან მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე იმ სქემაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, ოპოზიცია სოციალურ ქსელში ოქმებთან დაკავშირებით ყალბ ამბებს ავრცელებს. მამუკა მდინარაძემ მედიასთან კონკრეტული "ფეისბუკ" გვერდიც დაასახელა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარჩელების განხილვის პროცესი გუშინ დასრულდა. შემაჯამებელი განცხადება დღეს ცესკოში გაკეთდა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება, თუმცა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს.

დღის ამბები