17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
გასროლა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან - ინციდენტის დროს მიმდინარე აქციაზე ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა

გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როდესაც ოპოზიციის წევრები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ - აქცია დროებით შეწყდა და ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

ცხელ კვალზე პოლიციამ 37 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც რამდენიმე გასროლა განახორციელა და ადგილი მალევე დატოვა. გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ დაკავებულმა მათ შესაშინებლად გაისროლა.

არჩევნებიდან მეექვსე დღეს, ოპოზიციამ საპროტესტო მსვლელობისთვის სხვადასხვა ლოკაცია შეარჩია. ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სახლისკენ რამდენიმე წერტილიდან დაიძრნენ. ერთ-ერთი იყო ისანი. ხმამაღალი მუსიკით, შეძახილებით და საყვირებით ოპოზიციის წევრები მოსახლეობას არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად კვირას დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟებოდნენ.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა ოპოზიციის ნაწილი მოსახლეობას ვარკეთილშიც. ხალხმრავალ ადგილებში მათ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

​დედაქალაქის გარდა ცესკოს შედეგები გააპროტესტეს და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს კახეთშიც. "გაყალბებულია"- ამ წარწერებით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას ფლაერები დაურიგეს.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებას ოპოზიციის ლიდერები პერმანენტულად აპირებენ.

დღის ამბები