სახალხო დამცველი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ საარჩევნო ოქმში არასწორად შეტანილი თითოეული მონაცემები სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ შემაჯამებელი ოქმები საკმაოდ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და მას შევსების მკაცრი წესები აქვს.
"პირველ რიგში, შემაჯამებელი ოქმები ეს არის ძალიან მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, მას აქვს ძალიან მკაცრი წესები, როგორც უნდა შეივსოს, ასევე გადასწორება არ შეიძლება, კანონით აკრძალულია, მას უნდა დაერთოს შესწორების ოქმები, რომელიც ასევე ივსება ყველა კომისიის წევრის თანდასწრებით და გადათვლის შესაბამისად, თუმცა ჩვენ ვნახეთ ის, რომ შემაჯამებელ ოქმებში, ერთის მხრივ, ბალანსები არ არის და საკმაოდ მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა, ასევე არის გადასწორებული, ანუ ოქმშივე ჩასწორებული რიცხვები და რამდენიმე უბანი, სადაც გაიხსნა შედეგები, ვნახეთ, რომ არა მარტო ტექნიკური დაჯამებები იყო ან არასწორად შევსებული ოქმები, არამედ იყო არსებითად სხვა შედეგები.
სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფუძველია თითოეული ის შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ოქმში არასწორად არის შეტანილი მონაცემები, ანუ ფალსიფიცირებულია არჩევნების შედეგები,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.