კვირის საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს. ლიდერები ხვალინდელი შეკრების დეტალებსა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. გადადგეს თამარ ჟვანია და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, - ეს აქციის მთავარი მოთხოვნებია. ოპოზიციური პარტიები უკვე თითქმის სამი საათია "ლელო საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის, საბა ბუაძის საარჩევნო შტაბში არიან შეკრებილები.
"ოპოზიციური პარტიები ვიკრიბებით ჩვენს ამომრჩევლებთან, საზოგადოებასთან ერთად იმისათვის, რომ დავანახოთ ხელისუფლებას, ის რაც მათ უნდათ რომ თავს მოგვახვიონ, არ არის ხალხის ნება და ჩვენ არ ვცნობთ ამ შედეგებს. ვითხოვთ, რომ გაუქმდეს არჩევნების შედეგები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციამ დაუშვა ისეთი შეცდომები, რომ მას არ უნდა ქონდეს უფლება ჩაატაროს არჩევნები,"- აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით ოპოზიცია მთავარ მოთხოვნაზე ჩამოყალიბებულია:
"მთავარი მოთხოვნა ყველასთვის ცნობილია, ეს არის რომ ჩვენ არ ვცნობთ ივანიშვილისა და ჟვანიას მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და ჩვენი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები ოღონდ შეცვლილი ცესკოს შემადგენლობით," - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.