უკრაინულ საიტ obozrevatel.com-ზე გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც გამოცემის ცნობით მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის დიალოგი, ასევე სალომე სამადაშვილის და უცნობი პირის საუბარი ისმის, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.
ფაქტს ფეისბუქით გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი და განაცხადა, რომ ეს სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟია. მისი თქმით, ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელსა და ვაშინგტონს მიაწვდის ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და იწერება მისი პირადი საუბრები. გუბაზ სანიკიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს არ გამოხმაურებია.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ფარული ჩანაწერების პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს არათუ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და გუნდის შიგნითაც კი გამოიყენება აქტიურად:
"მთელი საზოგადოებისთვის დამცინავი ფორმით უკრაინულ ვიკილიქსზე დადებენ, მერე აქ პროპაგანდის ორგანოები ამას აიღებენ და გამოძიებაც იწყება ხოლმე, სამარცხვინო ამბავია," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ლეიბორისტების ლიდერი" ფარულ მოსმენებში მონაწილეებს დასჯას ჰპირდება:
"ჩვენ საქმე გვაქვს საბჭოთა შინსახკომის რეანიმაციასთან, ესენი ყველა დაჯდებიან საბრალდებო სკამზე მათ შორის ფარული მოსმენებისათვის," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი და სუს-ის ხელმძღვანელის გადაყენებას და პასუხისმგებლობას ითხოვს.
"ლელო საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველას უსმენს ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ეს უკვე "ქართული ოცნების" სახეა.
უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ალასანია და სანიკიძე ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების გეგმას განიხილავენ. რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, obozrevatel.com-ის მტკიცებით, დეპუტატი გამოთქვამს უკმაყოფილებას, "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ პროცესებზე და სიის ფორმირების საკითხზე. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.