საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს გამოეხმაურა. დავით ზალკალიანმა შეაფასა ევროკავშირის განცხადებაც და აღნიშნა, რომ პარტნიორები მიესალმებიან პოლიტიკური პროცესების არა - ქუჩაში, არამედ პარლამენტში გაგრძელებას.
"ჩვენი პარტნიორების შეფასებით, საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ქართველმა ხალხმა პანდემიის მიუხედავად, გამოავლინა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და გააკეთა საკუთარი არჩევანი. ევროკავშირის განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც უაღრესად საყურადღებოა ჩვენთვის. პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივას არ აქვს და ამ გზიდან გადახვევა დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
განცხადებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი არ ემხრობა პარლამენტის ბოიკოტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას და სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა წარიმართოს პოლიტიკური დებატები და მოხდეს გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.