კენჭისყრის დღეს და ხმათა გადათვლის პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის 19 საარჩევნო უბნის გადათვლა მოხერხდა, სადაც მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოვლენილა, თუმცა საჩივრების ნაწილზე მსჯელობა მალე სასამართლოში გადაინაცვლებს. მათივე ინფორმაციით განიხილება არასამთავრობო სექტორის მიერ დაფიქსირებული დარღვევებიც. ამავდროულად პარტიაში ოპონენტების მიმართ მორიგი ბრალდებაც ისმის, რომლის მიხედვითაც ოლქებში საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მიერ დაწერა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა.
"გადათვლილი უბნებიდან ჯერჯერობით არსებითად მნიშვნელოვანი ხარვეზები არსად არ გამოვლენილა, მით უმეტეს გამოვლენილი დარღვევები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს არა, თუ ეროვნული მასშტაბით, არამედ საუბნო ლოკალური მასშტაბით შედეგებზეც კი, იმ შემთხვევაში როდესაც უარი ეთქვა საჩივრების განხილვაზე საარჩევნო-საოლქო კომისიების მიერ ამაზე არსებობდა ძალიან სერიოზული მიზეზები," - აცხადებს ქართული ოცნების წევრი გიორგი ხელაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების დაწერის და ასევე საჩივრების პროცედურების დარღვევით შედგენის სავარაუდო 2 მიზეზი არსებობს:
"ოქმები დაწერილია არაუფლებამოსილი პირების მხრიდან ძირითადად და დაწერილია მთელი რიგი ოქმები პროცედურების დარღვევით, ისე რომ ცესკოს და კომისიებს ამისი განხილვის სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რატომ არის ეს ასე დაწერილი? არსებობს 2 მიზეზი, ან არ იციან როგორ უნდა დაიწეროს და კომპეტენცია აკლიათ ან სპეციალურად წერენ ისე რომ ვერ განიხილონ და ეს გამოიყენონ საბაბად, რომ საჩივრები ბევრი დაიწერა და ამისი განხილვა არ მოხდა," - განაცხადა ბექა დავითულიანმა,