უკრაინულ საიტ obozrevatel.com-ზე გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც გამოცემის ცნობით მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის დიალოგი, ასევე სალომე სამადაშვილის და უცნობი პირის საუბარი ისმის, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
"ქართული ოცნების" წევრის გიორგი ხელაშვილის თქმით, ამ ჩანაწერმა დაადასტურა ის, რომ ოპოზიციის როგორც მიზნები, ისევე საშუალებები არის დესტრუქციული, უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული:
"ამის შესახებ ჩვენ მოგახსენებდით, არსებობდა ინფორმაცია წინასწარ, რაზეც არაერთხელ მიუთითა ოცნება, მაგრამ ის რომ ეს პირველი პირებისგან უშუალოდ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ის ეთანხმება იმ შეფასებებს, რომელსაც მისი თქმით, გავრცელებულ ჩანაწერში სალომე სამადაშვილი აკეთებს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გუნდების შეფასებისას:
"თვითონვე ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისთვის არის პერსონა ნონ გრატა და დესტაბილიზაციის წყაროა, ქართული ოცნება კი თავისი განახლებული გუნდით არის დასავლეთის მხარდაჭერის მქონე სტაბილურობის გარანტი ქვეყნის განვითარებისთვის, ამბობენ რომ ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა დაუჭერენ მხარსო, იმიტომ რომ შეხედეთ ჩვენ გუნდს, რომელიც გავსებულია, აღარ გავიმეორებ რა სიტყვებითაც მოიხსენებენ და შეხედეთ მათ გუნდსო, შეფასებებში გაგიკვირდებათ და ვეთანხმები," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.