17 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ხმების დაცვისთვის ბრძოლა გრძელდება - საქალაქო სასამართლო პოლიტიკური სუბიექტების საჩივრებს განიხილავს 

საქალაქო სასამართლო მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტებისა და არასამთავრობო სექტორის საჩივრებს განიხილავდა. დარღვევა, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები აპელირებენ საარჩევნო ოქმებში არსებული დისბალანსია. ისინი საარჩევნო უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ.

მოთხოვნა არ შესრულდა, საქალაქო სასამართლომ რამდენიმე მოსარჩელეს უბნებზე ამომრჩეველთა ხმების ხელახლა გადათვლაზე უარი უთხრა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის განხილვა ხვალისთვის გადადო, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო უბანზე არსებულ დარღვევებზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში ცესკო მზად არის, საარჩევნო უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლა დაიწყოს. 

ოპოზიციური პარტიებისა და მესამე სექტორის განცხადებებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სპეციალურ ბრიფინგზეც უპასუხეს. საარჩევნო ადმინისტრაციის იურისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ოპონენტების შედგენილი საჩივრები ხარვეზიანი იყო. 

ხმების დაცვისთვის ბრძოლა გრძელდება. დღეს დილიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სხვადასხვა სუბიექტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ცესკოს შენობასთან იყვნენ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც, მათ ადგილზე ის ოქმები მიიტანეს, რომელშიც, აქტივისტები მტკიცებით, ბალანსი დარღვეულია. შედეგების გასაპროტესტებლად ცესკოსთან იყო მისული "ქართული მარშიც". 

დღის ამბები