"ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან პოლიციელების გადაბირების მცდელობაზე საუბრობს. მმართველი პარტიის ინფორმაციით, სამართალდამცველებს თანამდებობებიდან წასვლის სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ, ან ემუქრებიან.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელის მიმართ ხდება შანტაჟი, გადაბირების მცდელობა, რომ მათ განაცხადონ, თითქოს აპირებენ თავისი მოვალეობის მიტოვებას, გადადგომას პროტესტის ნიშნად და ასე შემდეგ. წინასწარ გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ პოლიციელებს, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა, ემუქრებიან კომპრომატებით, სთავაზობენ ფულს ან კომპენსაციას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში და ასევე, აშანტაჟებენ პირადი, ძველი ვალდებულებებით,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა.
ბრალდებას აბსურდული უწოდეს "ნაციონალურ მოძრაობაში" და განმარტეს, რომ პოლიციელებმა პრემიები ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავებისთვის ხელისუფლებისგან მიიღეს. ხატია დეკანოიძემ მსგავსი განცხადების გაკეთებისთვის "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი გააკრიტიკა:
"ასეთ ფაქტებს ადგილი არ აქვს, ხელაშვილი რას ბოდავს არ ვიცი, მე მას ვიცნობდი სტუდენტობის დროს და საკმაოდ ნორმალური წარმოდგენა მქონდა ამ ადამიანზე და ნაციონალური მოძრაობიდან სიაში უნდოდა ამ ადამიანს მოხვედრა და ვერ მოხვდა სამწუხაროდ მაშინ როგორც ჩანს და ახლა გადაწყვიტა რომ ბოლომდე ჩაჰყვეს ჩაძირულ გემს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სამწუხაროა ახალგაზრდა კაცის კობახიძის ადიუტანტობა," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.