"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ "ვარდების რევოლუციის თაობას მიეკუთვნება" და სიყალბეს არასოდეს მიიღებს.
გიგი უგულავამ ასევე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტპატიმრები გაამხნევა და მათ მალე გათავისუფლებას დაჰპირდა.
"ეს არის რეჟიმი, რომელმაც გუშინ ორ ადამიანს საკუთარი ძმაკაცის მკვლელობა დააბრალა, რადგან ამ მოლოხს აჭამოს და კვებოს თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით. მეგობრებო, სირცხვილია, ვინც ამ პროპაგანდაში ხართ. სირცხვილია, შვილები გყავთ, რას აკეთებთ?! გარეჯი მართლაც საქართველოა, სად არის, რატომ აღარ წერია თქვენს ეკრანზე, თუ ეს არჩევნებისთვის არ იყო გამიზნული?! თქვენ ხართ აფერისტები.
მინდა, ყველა პოლიტპატიმარი გავამხნევო, მალე გათავისუფლდებით, მეგობრებო. არ შეშინდეთ და არ შედრკეთ, რადგან ხალხმა გაიღვიძა. დიდი ხანი ითმინა საზოგადოებამ. ჩვენ ვართ კანონმორჩილი, მშვიდობიანი, ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს არასდროს, რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადახაზავს ყველაფერს. მეგობრებო, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, მშვიდობისთვის, რადგან ამ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა," - განაცხადა გიგი უგულავამ.