საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აქციის მონაწილეებთან ცესკოს ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ "კურიერს" განუცხადა, რომ აქციაზე, წყლის ჭავლის გამოყენებით, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები დაირღვა.
"ამ ეტაპზე აქციაზე სიმშვიდეა. მინდა ჩემი სათქმელი 2 ნაწილად დავყო. მინდა, პირველ რიგში, აქციის დაშლა შევაფასო - 20 ივნისის შემდეგ ჩვენ მოცულობითი კვლევა გავაკეთეთ აქციის დაშლის სტანდარტებთან დაკავშირებით. თუ ხდება აქციის მონაწილეების მხრიდან გარკვეული ძალის გამოყენება, როდესაც პოლიცია ძალის გამოყენებას იწყებს, მან ხმამაღალი შეტყობინების სახით უნდა გააფრთხილოს აქციის მონაწილეები. რადგან ამ დროს შესაძლოა მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. ასევე, როდესაც პოლიცია დაშლას იწყებს, ვითარებაში ყველაზე ნაკლებად სასტიკი მეთოდი უნდა იყოს ამისათვის გამოყენებული. რაც შეძლება ყოფილიყო პირების დაკავება და მათი გაფრთხილება. არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები დაირღვა.
შექმნილ ჩიხურ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყება. სამწუხაროდ, ამ შეთავაზებაზე სწორი რეაგირების ნაცვლად არ იყო სათანადო პასუხი ხელისუფლების მიერ. ჩვენ კიდევ უფრო დიდ კრიზისში შევდივართ. დღეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს, მათ დროულად უნდა გააკეთონ განცხადება,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.