17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
როცა 9 პარტიაა პარლამენტში და აქედან 8 რაღაცას ამბობს, უნდა მოუსმინოს ხელისუფლებამ - ანალიტიკოსები მოლაპარაკების უალტერნატივობაზე საუბრობენ

ანალიტიკოსები ჩიხში შესულ პოლიტიკურ პროცესებში მოლაპარაკების უალტერნატივობაზე საუბრობენ, თუმცა რა უნდა გახდეს დიალოგის საგანი, ექსპერტებსა და ყოფილ პოლიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს საკუთარი ბრძოლა და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, რის ფონზეც არ უნდა თქვას უარი საპარლამენტო ბერკეტებზე.

მეორე ნაწილი კი გონივრულ კომპრომისად ხმების ხელახლა გადათვლას მიიჩნევს, თუმცა ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

"როდესაც სრულიად ნებაყოფლობით და გამიზნულად არ დაუშვეს პროვოცირება, არ დაუშვეს გამწვავება სიტუაციის და მომხრეებს მოუწოდეს, რომ დაშლილიყვნენ, სახლში წასულიყვნენ და დღეს შუადღის შემდეგ დაეწყოთ შეკრება, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან გადადგმული, რაც უნდა გამოიყენოს "ქართულმა ოცნებამ", თუ რა თქმა უნდა, ოდნავ მაინც სტაბილურობისკენ არის მოწოდებული," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგეს.

"ჩემი ფორმულა არის შემდეგი - მხარეები შეთანხმდნენ, რომ შედიან პარლამენტში, პირველივე სესიაზე აყალიბებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლის ყველა გარემოებებს არჩევნებთან დაკავშირებით. 

ხელისუფლებამ, რომელიც როგორც ამბობენ დარწმუნებულია თავის სიმართლეში, უნდა დადოს პირობა, რომ თუ აღმოჩნდა, რომ კომისიის დასკვნით არსებითად შეიცვალა არჩევნების შედეგები, ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა წავიდეს იმაზე, რომ საერთო თანხმობით პარლამენტმა გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია და გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები," - აღნიშნა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

"გამოსავალი არის იმაში, რომ როდესაც 9 პარტიაა პარლამენტში და აქედან 8 რაღაცას ამბობს, სულ ტყუილად რომ ამბობდეს მაინც უნდა მოუსმინოს ხელისუფლებამ. რა გახდა ის ოლქები და ოქმები, რომელსაც დაობს ოპოზიცია ელემენტარულად გადათვალონ, მოახდინონ კორექტირება და საბოლოო ჯამში კმაყოფილი იქნება ოპოზიციაც და ხელისუფლებაც," - აღნიშნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის თქმით, პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის ინტერესებს, როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით დააზიანებს. მისივე განმარტებით, მისასალმებელი იქნება, თუ პროცესის დარეგულირებაში საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან

დღის ამბები