ოპოზიციურ სპექტრს შორის შიდა კონსულტაციები ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ.
"ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ ჩვენ უშუალოდ აქციაზე. ეს მოიცავს იმ მნიშვნელოვან დღეებს, როცა გვექნება ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები.
დღეს საღამოს გვექნება მიმართვები ხალხთან, მიმართვები ადამიანებთან. 22:00 საათზე აქვს სამოქალაქო სექტორს, აქტივისტებს სხვადასხვა ღონისძიებები. ინდივიდუალურად იღებს ყველა გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სხვადასხვა პარტიების ლიდერები "ლელოს" ოფისში შეიკრიბნენ. ისინი განიხილავდნენ გეგმას - როგორ გაგრძელდება პროტესტი იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რომელიც არჩევნებიდან მე-9 დღეს ისევ ძალაშია.