ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს ეუთოს მისია ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. წერილში გამოთქმულია შეშფოთება ცესკოსთან მომხდარ დაპირისპირებებზე. ეუთო მოუწოდებს მომიტინგეებს თავი შეიკავონ ძალადობისგან, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ძირითად თავისუფლებებს.
საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საპარალამენტო არჩვენები იყო კონკურენტული და დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. განცხადებაში წერია:
"მივესალმებით ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, მაგრამ ძალადობრივი აქტები მიუღებელია. მე მოვუწოდებ საპროტესტო აქციების მონაწილეებს მშვიდობისკენ. ამავე დროს, მართალია, მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციას აკისრია თავშეკავების ვალდებულება დემონსტრანტებთან მიმართებაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს საპროტესტო აქციების მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეუთოს მისია მოუწოდებს ყველა აქტორს ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, რათა დაძლეული იყოს ამჟამინდელი პოლარიზაცია და ერთობლივად შემუშავდეს სტაბილური პოლიტიკური ჩარჩო, ასევე გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისგან ახლახან მიღებული გზავნილები, -საერთაშორისო დამკვირვებლები მხარდაჭერას უცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სავარაუდო საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფაში“.
გენერალური მდივანი რობერტო მონტელა აცხადებს რომ: „საქართველოს არჩევნებზე და ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დაკვირვების საფუძველზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერსებული მხარე იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული და გამოამჟღავნებს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს და ერთგულებას საერთო სიკეთის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხი“.
ეუთოს მისია აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იმართებოდა, მიუხედავად "კოვიდ-19"-ის პანდემიის გამოწვევებისა, თუმცა მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითად იმოქმედა მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად, რომლებმაც მოიტანა გარკვეული გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით, თუმცა ასევე აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად - ვკითხულობთ განცხადებაში.