ოპოზიციაში კონსულტაციების შემდეგ მოთხოვნები იგივე რჩება, ყველა მათგანი საუბრობს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაგომაზე, თუმცა განსხვავებული იყო განცხადებები 10 საათის შემდეგ აქციის გაგრძელებაზე. ნაწილი ამბობდა, რომ არ დაემორჩილება ახალ რეგულაციას, ნაწილი კი აცხადებდა, რომ არ მოუწოდებს საკუთარ მომხრეებს კანონი დაარღვიონ და დარჩნენ აქციაზე. ლიდერები უკვე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
"ვერცერთ თქვენგანს ვერ დაგავალდებულებთ, რომ აქ დარჩეთ. მე, ბუნებრივია, აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ თქვენ ამას ვერ დაგავალდებულებთ. აქ ვრჩებით ახალგაზრდებთან, მაგრამ მე ვერ დავავალდებულებ მოხუცებს, ბებიებს და ბაბუებს აქ დარჩნენ. აქ დარჩენა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია,"- განაცხადა ნიკა მელიამ.
"ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილი შეუქცევადად დაადგა ლუკაშენკოს გზას. არჩევნების გაყალბება და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ეს არის ლუკაშენკოს გზა, ეს არის ჩრდილოეთ კორეის გზა. ამიტომ ხალხო, ასეთი დიქტატორები, ასეთი რეჟიმები ამთავრებენ სწრაფად და ამთავრებენ ცუდად. ჩვენი ამოცანაა, არ გადავაყოლოთ ქვეყანა ივანიშვილს, მე თქვენთან ერთად ვიდექი გუშინ, თქვენთან ერთად გავიწუწე და დამახველეს, თქვენთან ერთად გავბრაზდი მაგრამ ეს სიბრაზე სხვაგვარად გამოვხატოთ და ამ სიბრაზით და სიმტკიცით, მოვიგოთ ეს ბრძოლა,"- განაცხადა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.