17 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
როგორც კი დაიწყო ცესკომ გადათვლები, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ მოაწყვეს დესტაბილიზაცია, მოაწყვეს შეტევა ცესკოზე - არჩილ თალაკვაძე 

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არჩევნების დღეს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა ქართველი ამომრჩეველი, ის მათთვის უპირობოდ მისაღები იქნებოდა. თალაკვაძის თქმით, ერთიანი სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუკი ყველა მხარე პატივს სცემს მოქალაქეების არჩევანს.  

"ჩვენი მიზანი და ღირებულება არის ერთიანი საზოგადოება, ერთიანი ძლიერი სახელმწიფო და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და გადაწყვეტილებას. მე შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შორის მეც, არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება რომ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება, რა არჩევანსაც გააკეთებენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენთვის ის უპირობოდ იქნება მისაღები. ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან არ გვახსენდება ასეთი განცხადება არც არჩევნების ჩატარების შემდეგაც.

უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ იმ უბნების გადათვლას, სადაც მათი თქმით, საჩივრები და ხარვეზები დაფიქსირდა. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე 39 ასეთი უბანია გადათვლილი და გადათვლილი არის ისე, რომ ამ გადათვლას ესწრებოდნენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები, ასევე ცესკოს წარმომადგენლები და ხშირ შემთხევაში, ეს გადაიცემოდა ეთერში, და ამ გადათვლის შედეგებმა დაადგინა, რომ იქ არსებითი ხასიათის ხარვეზები, რომელსაც შეეძლო ამ უბნებზე განსხვავებული შედეგი მოეცა პროცენტული თვალსაზრისით, ასეთი არ გამოვლინდა.

როცა დაიწყო გადათვლები, წინა დღეს ისინი ითხოვდნენ გადათვლას, როგორც კი დაიწყო ცესკომ გადათვლები, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ 12-ვე უბანზე, სადაც გადათვლები მიდიოდა, ოლქებში მათ მოაწყვეს დესტაბილიზაცია, მოაწყვეს შეტევა ცესკოზე, შეტევა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე , ანუ მათ ერთ დღეში შეცვალეს ნარატივი და თქვეს, რომ გადათვალა აღარ აინტერესებთ და სურთ რიგგარეშე არჩევნები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები