ოპოზიციის ლიდერები პარტია "ლელოს" მთაწმინდის ოფისში კონსულტაციებისთვის იმყოფებოდნენ. კონსულტაციების მთავარი თემა შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქცია და პარტიების სამოქმედო გეგმები იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, რომელმაც ოპოზიციური პარტიების ერთიანობას გაუსვა ხაზი.
"ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და გავდივართ ყველა იმ გეგმებს, რომელიც უნდა განვახორციელოთ უახლოეს მომავალში. ეს შეეხება იმ აქციებს, რომელიც უკვე დაანონსდა. გარდა ამ დიდი აქციებისა, შუალედებში, ბუნებრივია, იქნება სხვადასხვა სახის პროტესტის ფორმები, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია არის ერთ აზრზე და ერთი გეგმით მივდივართ,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
შეხვედრის დაწყებამდე, პარტია" ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება.
"დღეს "ლელოს" ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრაა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი და გვინდა კოორდინირებულები ვიყოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენოს ნებისმიერი პროვოკაცია მშვიდობიანი მანიფესტაციის და პროტესტანტების დისკრედიტირებისთვის,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრა გეგმიურია და მომავალში გასამართ აქციებსა და პერფორმანსებს შეეხება.
"დღევანდელი შეხვედრა არის გაგრძელება იმ საკოორდინაციო შეხვედრების, რომელსაც ჩვენ ლამის ერთი კვირაა ვახორციელებთ. დამატებითი არაფერი გაჩენილა და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყოველდღიურ ფორმატში გვექნება მსგავსი შეხვედრები აქციების, პერფორმანსების და ა.შ. დასაგეგმად,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.